გვინდა აღმშენებლობა!!! – კანონიერების და სამოქალაქო ჩართულობის სოუსით

გვინდა აღმშენებლობა!!! – კანონიერების და სამოქალაქო ჩართულობის სოუსით

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ქ.ოზურგეთში მიმდინარეობს ქუჩების დაზიანებული სავალი ნაწილის რეაბილიტაცია.

თუმცა ეს პროცესი მიმდინარეობს საზოგადოებრივი პროტესტის და აშკარა კანონდარღვევის ფონზე.  პრობლემა გმოწვეულია ერთის მხრივ სამართლებლივი მექანიზმების უგულებელყოფით და მეორეს მხრივ საზოგადოებასთან კომუნიკაციის არარსებობით.

ფონდის დაფინანსებული წულაძის ქუჩის სავალი ნაწილის მოასფალტება გადაიზარდა მიმდებარე პარკის შუაში გაყოფაში და მის ადგილზე ახალი ქუჩის მოწყობაში. თუმცა უმჯობესია დასკვნების გამოტანასთან ერთად მივყვეთ სამართლებრივ პროცედურებს და პროცესის აღწერას.

საქართველოს მთავრობამ 2013 წლის 7 თებერვლის # 23 დადგენილებით დაადგინა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურები და კრიტერიუმები.

აღნიშნული პროცედურების და კრიტერიუმების დადგენის მიზანი განსაზღვრულია დადგენილების ზოგად დებულებებში, ეს მიზნებია:

   რეგიონული პრობლემების წარმოჩენა და გადაწყვეტა.
ორგანოებისა და მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა.

დადგენილებით განსაზღვრულია განსახორციელებელი პროექტების ორი სახე:

    პროექტი
თვითმმართველობის პროექტი

შესაბამისად განსხვავდება მათი წარდგენის, განხილვის და გადაწყვეტილების მიღების პროცედურები. ხოლო აღნიშნულ დასკვნაში განხილული პროცედურები უკავშირდება მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტის განხილვის პროცედურებს

დადგენილების მიხედვით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან  დაფინანსების შემდეგი პროცედურა არსებობობს:

ნაბიჯი 1. ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტების შესახებ წინადადებას ამზადებს მუნიციპალიტეტის მერი

ნაბიჯი 2. ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტების ინიცირების მიზნით, მუნიციპალიტეტის მერი წინადადებას განსახილველად და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად, უგზავნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

ნაბიჯი 3. პროექტების დაფინანსების მიზნით მომზადებული წინადადების მოწონების თაობაზე, გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო

ნაბიჯი 4. საკრებულოს მიერ მოწონებულ წინადადებას მუნიციპალიტეტის მერი წარუდგენს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს

ნაბიჯი 5. სამინისტრო, მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარდგენილ წინადადებას, განსახილველად წარუდგენს საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიას.

ნაბიჯი 6. დადებითი დასკვნის მიღების შემთხვევაში,  პროექტის დაფინანსების მიზნით,შესაბამისი სახსრების გამოყოფის თაობაზე, სამინისტრო, კომისიის შესაბამის რეკომენდაციას წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.

ნაბიჯი 7. კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს მთავრობას წარუდგენს საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტს ფონდიდან მუნიციპალიტეტისთვის სახსრების გამოყოფის თაობაზე.

ნაბიჯი 8. მთავრობა განკარგულებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტისთვის განსახორციელებელი პროექტის თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილებას.

აღნიშნული 8 ნაბიჯი არის ძირითადი პროცედურა რომლის გავლის შემდეგაც ხდება მუნიციპალიტეტისთვის პროექტის განსახორციელებლად თანხის გამოყოფა. გამოყოფილი სახსრების კანონიერად, მიზნობრივად და რაციონალურად განკარგვაზე პასუხისმგებელია შესაბამისი მუნიციპალიტეტი.

რაც შეეხება ქალაქ ოზურგეთში რეგიონებში ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტს. აღნიშნული პროექტი მოწონებულია ქ.ოზურგეთის საკრებულოს 2015 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით და დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2016  წლის 4  თებერვალის №175  განკარგულების შესაბამისად და პროექტის განსახორციელებლად მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილია 1 900 000 ლარი. აღნიშნული განკარგულების დანართი # 14 – ის შესაბამისად პროექტის ზუსტი დასახელებაა „ ქ.ოზურგეთში დაზიანებული ქუჩების სავალი ნაწილის მოასფალტება“

აღნიშნულ განკარგულებას 2016 წლის 11 თებერვალს მოჰყვა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა სადაც დამტკიცდა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ცვლილებები და განისაზღვრა ქუჩები რომლთა რეაბილიტაციაც მოხდებოდა პროექტის ფარგლებში. შესაბამისად ამ პროექტს მიენიჭა საბიუჯეტო კოდი და სწორედ ამ საბიუჯეტო კოდის ფარგლებში გამოცხადებული ტენდერის ფარგლებში განხორციელდა ჭანტურიას და წულაძის ქუჩებს შორის მოქცეული პარკის ხარჯზე არა მხოლოდ წულაძის ქუჩის გზის საფარის მოასფალტება არამედ ახალი გზის მშენებლობაც.

აღნიშნული სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ შემდეგი:

განხორციელების პროცესში ვერ იქნა მიღწეული საქართველოს მთავრობის #23 დადგენილებით განსაზღვრული მიზანი რომელიც გულისხმობს მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფას.

ოზურგეთის საკრებულოს მიერ მოწონებული და მთავრობის დამტკიცებული პროექტის დასახელება (ქ.ოზურგეთში დაზიანებული ქუჩების სავალი ნაწილის მოასფალტება) და გამოცხადებული ტენდერი (ახალი გზის მშენებლობა) შესაბამისად მიმდინარე სამუშაოები ერთმანეთს არ შეესაბამება.

ნებისმიერი დონის ხელისუფალს აღმშენებლობის პროცესში ჰყავს ორი ძლიერი მოკავშირე. პირველი კანონი და მეორე საზოგადოება.  ქ. ოზურგეთში კი ორივე თამაშგარე სიტუაციაში აღმოჩნდა, შესაბამისია სიტუაციაც, აღმშენებლობა მიდის – თემიდა და ხალხი უკმაყოფილოა.

ავტორის შესახებ: კოკა კიღურაძე – ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხების ექსპერტი, მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი.

 

წყარო