ფორუმი „მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერება ადგილობრივ თვითმმართველობაში”

ფორუმი „მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერება ადგილობრივ თვითმმართველობაში”

2019-12-23T23:39:27+04:00 02-02-2017|სიახლეები|

2017 წლის 27 იანვარს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ორგანიზებით გაიმართა ფორუმი – „მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერება ადგილობრივ თვითმმართველობაში”, სადაც მუნიციპალიტეტების, არასამთავრობო ორგანიზაციების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წარმომადგენლებმა ერთობლივად განიხილეს საქართველოში მოქალაქეთა მონაწილეობის კანონმდებლობის განხორციელებასთან დაკავშირებული წარმატებები და გამოწვევები. ფორუმს ესწრებოდა პოლონეთის ქალაქ ვადოვიცეს მერი, რომელმაც სტუმრებს მოქალაქეთა მონაწილეობის კუთხით საკუთარი ქვეყნის გამოცდილება გააცნო.

ფორუმზე არასამთავრობო ორგანიზაციებმა ისაუბრეს მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების, მათ შორის დასახლების საერთო კრების, პეტიციისა და სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს პრაქტიკაში განხორციელებასთან დაკავშირებულ გამოწვევბზე და მათი გაუმჯობესებისთვის საჭირო რეკომენდაციები წარადგინეს. თბილისის, ზუგდიდისა და მარნეულის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელებმა ფორუმის მონაწილეებს მოქალაქეების ჩართულობასთან დაკავშირებით საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

„მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერება ადგილობრივ თვითმმართველობაში”-ფორუმის მიზანია დააკავშიროს NDI-ს პარტნიორი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რათა მათ ერთობლივად განიხილონ საქართველოში მოქალაქეთა მონაწილეობის კანონმდებლობის განხორციელებასთან დაკავშირებული წარმატებებები და გამოწვევები.

ფორუმზე მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის (MSDC) აღმასრულებელმა დირექტორმა კოკა კიღურაძემ ფორუმის მონაწილეებს გააცნო მოქალაქეთა მონაწილეობის შესახებ  მუნიციპალიტეტებში სამართლებრივი ანალიზის შედეგები, რომელიც წარმოადგენს ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ (OSGF) მიერ დაფინანსებული პროექტის – „მოქალაქეთა მონაწილეობა თვითმმართველობის განხორციელებაში – მონიტორინგი და რეკომენდაციები“ – შუალედურ შედეგს. პროექტის მიზანია თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის კანონით გათვალისწინებული ფორმების დანერეგვის და დახვეწის პროცესის მხარდაჭერა.