ანგარიშვალდებული საკრებულოს წევრი ძლიერი დემოკრატიისთვის

ანგარიშვალდებული საკრებულოს წევრი ძლიერი დემოკრატიისთვის

პროექტი  „ანგარიშვალდებული საკრებულოს წევრი ძლიერი დემოკრატიისთვის“, რომელსაც მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის (MSDC), კარგი მმართველობის ინსტიტუტის (GGI) და სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის (ICCC) მიერ შექმნილი კონსორციუმი ახორციელებს აქტიურ ფაზაშია შესული.

პროექტის მიზანს წარმოადგენს 10 სამიზნე მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერება, ამომრჩევლის და მის არჩეულ საკრებულოს წევრს შორის ეფექტური, ხელმისაწვდომი საკომუნიკაციო არხების დანერგვა, ამ ფორმით კარგი პრაქტიკის დამკვიდრება და მისი გაზიარება ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტისთვის.

პროექტის ფარგლებში ჩატარდება საკრებულოს წევრის ანგარიშვალდებულების და კომუნიკაციის ტრენინგი 10 საპილოტე მუნიციპალიტეტის ყველა წევრისთვის და საპილოტე მუნიციპალიტეტის თითო საკრებულოში შეირჩევა 5-5 მოხალისე წევრი, ანგარიშვალდებულების ახალი სტანდარტების დასანერგად.

სამიზნე მუნიციპალიტეტებია საგარეჯო, რუსთავი, ლაგოდეხი, ბოლნისი, ხაშური, ყაზბეგი, ქედა, ონი, სენაკი, ხარაგაული.

პროექტით გათვალისწინებული მიზნებისა და ამოცანების მიღწევის მეთოდოლოგია მოიცავს სამიზნე მუნიციპალიტეტებთან და ძირითად აქტორებთან პროექტის მიზნებისთვის საკომუნიკაციო მექანიზმის აწყობას, მოქმედი სამართლებრივი ბაზისა და პრაქტიკის კვლევას და ანალიზს, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის კვლევას და მის მისადაგებას, სამართლებრივი ბაზის გაუმჯობესების შესახებ წინადადებების მომზადებას და მისი დანერგვის ადვოკატირებას, მეთოდოლოგიური ჩარჩო დოკუმენტებისა და შაბლონების მომზადებას, საკრებულოს წევრების ანგარიშვალდებულების და მოქალაქეთა უკუკავშირის მექანიზმების შექმნას.

პროექტის ფარგლებში ასევე იქმნება ელექტრონული კომუნიკაციის პლატფორმა, რომელიც მოქალაქეებთან კომუნიკაციის ეფექტური მექანიზმი იქნება.

პროექტი ‘’ანგარიშვალდებული საკრებულოს წევრი ძლიერი დემოკრატიისთვის’’, GIZ-ის (Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit) მხარდაჭერით და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით, პროგრამის „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ (GGLD) ფარგლებში ხორციელდება.